საქართველო / 11 მარტი, 2018 / ავტორი: წერა / ინფორმაციის წყარო: mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების I-VI კლასებისათვის ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სახელმძღვანელოების შერჩევის, ანუ გირიფირების პროცესს ახორციელებს. პროცესში საგნობრივ სპეციალისტებთან ერთად, ჩართულნი არიან ფილოლოგები, საბავშვო ფსიქოლოგები, განვითარების სპეციალისტები და კონსტიტუციონალისტებიც კი.
სახელმძღვანელოების შერჩევისას სამინისტრო საზოგადოებასაც მოუწოდებს აქტიური ჩართულობისაკენ. ექსპერტებისა და საზოგადოების მონაწილეობის მიზანს საუკეთესო სახელმძღვანელოების შერჩევა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ყველა დაინტერესებულ მხარეს – მშობლებს, მასწავლებლებს, დარგის სპეციალისტებს სამინისტრო მოუწოდებს მაქსიმალურად იაქტიურონ, რათა მომავალმა თაობებმა საუკეთესო სახელმძღვანელოებით ისწავლონ.
იმისათვის, რომ ახალი სახელმძღვანელოები სრულად შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს, იყოს შესაბამისობაში ასაკობრივ სპეციფიკასთან, მოხდა ეროვნული სასწავლო გეგმის არსებითი გადამუშავება. შესაბამისად, ძირეულად შეიცვალა შეფასების კრიტეტიუმები და თავად შეფასების სისტემაც. გრიფირებაში ჩართული ყველა მონაწილე გადამზადდა. ტრენინგები ჩატარდა როგორც სახელმძღვანელოების ავტორებთან, ასევე შემფასებელთა ჯგუფებთან და პროექტის ადმინისტრაციულ პერსონალთან.
გრიფირების პროცესისადმი მაღალი ინტერესისა და ავტორთა მაქსიმალური მხარდაჭერიდან გამომდინარე, 13 საგანში წარმოდგენილია 112 განაცხადი, რაც შესაბამის კლასებზე, მასწავლებლის, მოსწავლის წიგნებზე, რვეულებზე და ელექტრონულ რესურსებზე გადათვლით ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე განხილვაშია 795 მაკეტი. სიახლეა ისიც, რომ ყველა სახელმძღვანელოს უნდა ჰქონდეს ე.წ დამხმარე ვებგვერდი, სადაც დამატებითი მასალები და ლიტერატურა განთავსდება.
გრიფირების მიმდინარე პროცესი უნიკალურია იმითაც, რომ განაცხადების საჯარო განხილვა პირველად ტარდება. პროფესიულმა სარეცენზიო ჯგუფებმა სახელმძღვანელოების შეფასებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს დაიწყო, ხოლო დღეს, 2018 წლის 5 მარტს საჯარო განხილვის პროცესს სამინისტრო იწყებს, რაც ელექტრონული პორტალის – მეშვეობით ხორციელდება. პორტალზე შესვლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ყველას აქვს საშუალება დაათვალიეროს შეფასებისთვის წარმოდგენილი წიგნები და საკუთარი მოსაზრება მიაწოდოს როგორც შემფასებელთა ჯგუფს, ასევე ავტორებს.
დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ბმულს https://grifireba.emis.ge.
მოსაზრება შეიძლება წარმოდგენილი იქნას სამი ძირითადი მიმართლებით:
● შინაარსობრივი შეცდომა – იმ შემთხვევაში როცა ფიქსირდება შეცდომა ისტორიულ ან სამეცნიერო ფაქტებში, ამოცანის ამოხსნის შედეგში ან ლოგიკურ მსჯელობაში;
● ტექნიკური ხარვეზი – ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის პრობლემისათვის, მაგალითად შრიფტის შეუსაბამობა, ველების დარღვევა, ილუსტრაციის აცდენა ან ხარვეზი და ა.შ.
● რეკომენდაცია/მოსაზრება – ნებისმიერი სახის წინადადება, რომელიც ორიენტირებულია სახელმძღვანელოს/სერიის ზოგად გაუმჯობესებზე ან სიახლის შეტანაზე მოსაზრებების მიწოდება ანონიმურია.
კიდევ ერთი მნიშნელოვანი ასპექტია ის, რომ საჯარო განხილვისთვის წარმოდგენილია უკლებლივ ყველა რესურსი, რომელმაც გრიფირების ტექნიკური ბარიერი გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ რიგ სახელმძღანელოში არსებითი ხარვეზები უკვე იდენტიფიცირებულია, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ყველა განაცხადთან ჰქონდეს წვდომა და არც ერთი სახელმძღვანელო არ დარჩეს საჯარო განხილვის მიღმა.
ახალი ამბები წყარო:
http://mes.gov.ge/content.php?id=8195&lang=geo